კონგრესმენი უილსონი: "მეგობარი აქტის" დადებითად გადასაწყვეტად ვმუშაობთ

რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს.


ჯო უილსონი „მეგობარი აქტის“ ავტორი და წარმდგენია. აქტი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონმა საქართველოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღების და ენტონი ბლინკენის მიერ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ყოველისმომცველი გადახედვის დაწყების პარალელურად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინა. აქტი მოსახლეობის პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დაყენებას ითვალისწინებს.


„ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც "მეგობარი აქტი" კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს,” - განუცხადა კონგრესმენმა “ამერიკის ხმას.”


კიდევ ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი ამბობს, რომ საქართველო შეერთებული შტატების კარგი მეგობარია და დასავლეთისკენ მისი სვლა საერთო ინტერესია.

„მე კარგად ვიცი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, იქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი აკვირდებოდა არჩევნების პროცესს, იმედი გვაქვს, რომ ეს [საკითხი] გადაწყდება. საქართველო ჩვენი კარგი მეგობარია და მისთვის თავისუფლება და დემოკრატიისკენ მისი მსვლელობის გაგრძელება გვსურს. ადმინისტრაციასთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სწორ შედეგი იყოს მიღწეული,“ - ამბობს ადერჰოლტი.


5 ნოემბერის არჩევნების შედეგად, კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა სწორედ რესპუბლიკელებმა მოიპოვეს და კონგრესმენ ადერჰოლტის თქმით, ქვეყნის ახალი აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის, არჩევნების სამართლიანობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო იქნება.

“ცხადია ის, რომ ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და იმის უზრუნველყოფას, რომ ის [არჩევნები] სამართლიანი იყოს. ასე რომ, ცხადია, ესაა ის, რისი ნახვაც გვსურს, საქართველოში იქნება, თუ სხვა ქვეყნებში."